logo
ENG



"ჩამოიწეროს საპენსიო სესხები" - აქტივისტებს ლიბერთის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

28 თებ 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/nr3ce9zj1osbq2r.png

აქტივისტებმა დღეს ლიბერთი ბანკის შენობაში საპენსიო სესხები გააპროტესტეს - ისინი სათავო ოფისში იყვნენ შეკრებილები და თან ჰქონდათ ბანერები წარწერით: "ჩამოიწეროს საპენსიო სესხები".

"დღეს მოვედით, რათა კიდევ ერთხელ გვეთქვა ის, რაც აწუხებს ასი ათასობით პენსიონერს, ეს არის ძარცვა, ეს არის მოტყუებით სესხების შეთავაზება და ამ გზით ძარცვა. ამ დღეში არის ასი ათასობით ქართველი პენსიონერი, ათი ათასობით დევნილი, ასობით და ათასობით შშმ პირი. საქართველოში ყველა ტიპის სახელმწიფო შემწეობის დარიგების ექსკლუზივი აქვს ამ ბანკს, რომელიც მან მიიღო წლების წინ", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

დღის ბოლოს ლიბერთი ბანკის დაცვის წარმომადგენლებმა მათ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, მათ წინააღმდეგ "წიხლები და ხელები არ დაუშურებიათ".

"მოვედით, დავიკავეთ ბანკი, დღის ბოლოს დაცვამ იძალადა ჩვენზე, გამოგვყარა ბანკიდან, წიხლები და ხელები არ დაუშურებიათ" - განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ პუბლიკასთან საუბრის დროს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს გააგრძელებენ და მათი პოზიციის დასაფიქსირებლად სხვა ფილიალებშიც მივლენ. მათი თქმით, იბრძოლებენ მანამ, სანამ ხელშესახებ შედეგს არ მიიღებენ.


close დახურვა